ავტორი: ირმა ლიპარტელიანი , თამარ ნინიკაშვილი

საქართველოს 100 კურორტი

  • მარაგშია
  • პროდუქტის კოდი: 000012
  • ISBN: 978-9941-441-36-3
  • გამომცემლობა: კლიო
  • ყდის ტიპი: მაგარი
  • გვერდების რაოდენობა: 132
20.00 ₾

უთხარი მეგობრებს:

აღწერა

ახალი გამოცემა სერიით „საქართველოს საგანძური“.  წიგნში „საქართველოს 100 კურორტი“ თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული  კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ. კურორტოგრაფიული მონაცემების გარდა, წიგნში მოცემულია იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა ნახვა-დათვალიერება საინტერესო იქნება კურორტის სტუმრებისთვის.
ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმით დაინტერესებულთათვის.

ხელმისაწვდომია ქართულის ვერსიის იდენტური ინგლისური და რუსული გამოცემაც.

წინასიტყვაობა

საქართველო ორი კონტინენტის – ევროპისა და აზიის საზღვარზე, კავკასიონის ქედის სამხრეთით, შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე პატარა, მთაგორიანი ქვეყანაა, რომლის ისტორია კაცობრიობის არსებობის დასაბამიდან იწყება. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანმა საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპი გაიარა და უმდიდრესი კულტურა შექმნა: ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის, Hომო ერეცტუს-ის თავის ქალა და ძვლები
1 800 000 წლით თარიღდება; ძვ. წ. IV ათასწლეულში, ადრე ბრინჯაოს ხანაში, საფუძველი ჩაეყარა მტკვარ-არაქსის უძველეს კულტურას, რომელმაც დაახლოებით 1 000 წელიწადს იარსება; შუა ბრინჯაოს ხანა თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანული კულტურის პერიოდია, რომელსაც მოჰყვა „ოქრომრავალი კოლხეთის“ კულტურა (ასე
მოიხსენიებენ ძველი ბერძნები კოლხეთის დაბლობზე არსებულ ქართულ სამეფოს).

ძვ. წ. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა ქართლის (იბერიის) სამეფო, რომლის დედაქალაქში, მცხეთაში ახ. წ. IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ქვეყნის ტერიტორიაზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალი — დიდი აბრეშუმის გზა. მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობა და ულამაზესი მიწა-წყალი უამრავ გარეშე მტერს იზიდავდა და ამიტომაც საქართველოს მთელი თავისი არსებობის მანძილზე გამუდმებულ შემოსევებსა და საომარ ვითარებაში უხდებოდა ცხოვრება. შესაბამისად, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-პოლიტიკური საზღვრებიც არ იყო მუდმივი და საუკუნეთა განმავლობაში ხშირად იცვლებოდა.

დღეისთვის საქართველოს ტერიტორია 69.7 ათას კმ2-ს მოიცავს. ამ მცირე ფართობზე 11 კლიმატური სარტყელია, რაც, გეოგრაფიულ პირობებთან ერთად, ლანდშაფტის მკვეთრად განსხვავებულ ტიპებს ქმნის. კლიმატური სარტყლების სიმრავლე, მარადთოვლიანი მწვერვალები და მყინვარები, შავი ზღვის თბილი სუბტროპიკული სანაპირო, ვრცელი დაბლობები, მთები, ტბები, მდინარეები და მიწის წიაღიდან ამოსული ათასობით მინერალური წყარო საკურორტო ადგილების სიუხვეს განაპირობებს: ქვეყანაში რეგისტრირებულია 103 კურორტი და 340 საკურორტო ადგილი; მიკვლეულია მინერალური წყლის 2000-ზე მეტი გამოსავალი, რომელთა ჯამური დებიტი დღე-ღამეში ასეულობით მილიონ ლიტრს შეადგენს. მინერალურ წყლებს შორის გვხვდება ისეთი ძვირფასი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წყაროები, როგორიცაა ბორჯომი და ნაბეღლავი (ვიშის ტიპის), ზვარე, ფასანაური (ესენტუკის ტიპის), ლუგელის უნიკალური ქლორიდულ-კალციუმიანი წყალი; მაღალი თერაპიული ეფექტიანობით ხასიათდება თერმული სულფიდური, რადონული, აზოტოვანი, სალიციუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც გამოიყენება სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ამ წყლებით მკურნალობენ წყალტუბოს, თბილისის, ნუნისის, ტყვარჩელის, გაგრის, სოხუმის, მახინჯაურის, ზეკარის, ასპინძის კურორტებზე.

საქართველო მდიდარია მთის კლიმატური კურორტებით, სადაც მზის სპექტრის, განსაკუთრებით კი მისი ულტრაიისფერი ნაწილის მაღალი აქტივობა, ჯანსაღი ჰაერი და ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა მკურნალობისა და დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

უმნიშვნელოვანესი საკურორტო ზონაა შავისზღვისპირეთი. სოხუმში, ბათუმში, ქობულეთში, მახინჯაურსა და სარფში კლიმატური თერაპია ეფექტიანია მთელი წლის განმავლობაში. ზღვის ჰავა დადებითად მოქმედებს როგორც სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოების დაავადებებზე, ისე ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებზე. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე (ურეკში, გრიგოლეთსა და მალთაყვაში) სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება უნიკალური მაგნეტიტური ქვიშა.

ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი საკურორტო ფაქტორების გარდა, საქართველოში მოიპოვება სხვადასხვა სამკურნალო ტალახი (ახტალა, კუმისი); სუნთქვის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კარსტული მღვიმეების სპეციფიკური მიკროკლიმატი. საქართველოს ბუნებრივი პირობების წყალობით სამკურნალო ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ეკოტურიზმის ფარგლებშიც, სადაც ერთმანეთს ერწყმის სპელეოტურიზმი და სპელეოთერაპია, საცხენოსნო ტურიზმი და რაიტთერაპია, ღვინის ტურიზმი და ენოთერაპია, სპა-ტურიზმი და ბალნეოთერაპია.

სამკურნალო წყაროების სიკეთით ქართველები ძველთაგანვე სარგებლობდნენ. ამას ადასტურებს ბორჯომში, ეკატერინეს წყაროს მახლობლად აღმოჩენილი, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისით დათარიღებული თლილი ქვით ნაშენი შვიდი აბაზანა.

მიწიდან ამოხეთქილი, უცნაური თვისებების მქონე მდუღარე წყაროების აღმოჩენას უკავშირდება ლეგენდა საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის დაარსების შესახებ.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ცნობით, თბილისში იმ დროს ყოფილა „აბანონი ექვსნი და… გოგირდის მომდინარე ცხელი წყალი“. იგივე ვახუშტი ბატონიშვილი, რომლის დამოწმებაც ხშირად მოგვიწევს ჩვენს წიგნში, აგვიწერს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამკურნალო წყაროების მდებარეობას და თვისებებს: მაგალითად, კოჯორთან ახლოს, დიდგორის მთაზე, ყოფილა წყალი, რომელიც „ციებით გაყვითლებულმან უკეთუ სვას და დაიბანოს პირი, წამს განიკურნება“; ატენში (გორი) „სდის თბილი წყალი, მკურნალი ბუგრისა“; დმანისში ყოფილა წყარო, „რომელიც ჰკურნავს მუწუკთა“ და კიდევ მეორე წყარო, „რომელი დაამსხვრევს ქვასა შირიმისასა და დააყრევინებს სმითა“; ოცხეში (დღევანდელი აბასთუმანი) სულაც აბანო ყოფილა გამართული: აქ გადმოდიოდა წყალი „ფრიად დიდი და ცხელი, დუღარის სზგავსი“, რომელიც კურნავდა „ქარით დახუთულსა, მუწუკთა და ბუგრსა, ძნიად საკურნებელთა მკურნალთაგან“.

საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქვეყანაში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო. ამ პერიოდში აშენდა სანატორიუმები და სამკურნალო დაწესებულებები ბორჯომსა და აბასთუმანში; ყურადღება მიექცა აფხაზეთისა და აჭარის შავიზღვისპირა კურორტების პოტენციალს. თუმცა ბუნებრივი რესურსების ათვისების ხარისხი ამ პერიოდში უმნიშვნელო იყო, ხოლო დამსვენებელთა სოციალური ბაზა _ შეზღუდული. ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, 1926 წელს, არსებული პანსიონატებისა და აგარაკების ნაციონალიზაცია განხორციელდა და საქართველო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჯანმრთელობის კერად გამოცხადდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 102 კურორტი ფუნქციონირებდა, აქედან 6 საკავშირო (ბორჯომი, გაგრა, ქობულეთი, ახალი ათონი, ბიჭვინთა, წყალტუბო), 85 რესპუბლიკური და 61 ადგილობრივი მნიშვნელობის. 1986 წლისთვის საქართველოს კურორტებზე არსებული 394 სანატორიუმი წლის განმავლობაში 2 მლნ. ადამიანს უწევდა მომსახურებას. ქვეყანაში საკურორტო ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად მოიშალა XX ს-ის ბოლო ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად. კონფლიქტის ზონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) წარმოებული საომარი მოქმედებების დროს მამაპაპისეული მიწიდან აყრილმა ქართულმა მოსახლეობამ მშვიდობიან რეგიონებს შეაფარა თავი და დროებით იქ არსებულ სანატორიუმებსა თუ პანსიონატებში დაიდო ბინა. იძულებით ადგილნაცვალი პირებიდან ბევრი დღესაც ყოფილ სამკურნალო დაწესებულებებში ცხოვრობს.

ამჟამად ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ხელახლა ვითარდება, ყურადღება ექცევა კურორტების აღორძინებას, ძველი ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ახლის შექმნას. სამწუხაროდ, არსებული საკურორტო პოტენციალის უმეტესი ნაწილი აუთვისებელია, გამოუყენებელია ასობით უნიკალური სამკურნალო წყარო და მიწის წიაღიდან ამოსული ბუნების საჩუქარი ისევ მიწაში იკარგება. ამასთან, საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი კურორტი და საკურორტო ზონაა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ ამ წიგნში მათ შესახებაც გვეამბა, რადგან აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც ისტორიული საქართველოა და ადრე თუ გვიან ეს ორივე კუთხე კვლავ დაუბრუნდება დედასამშობლოს.

ჩვენი წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის: ტუროპერატორებისთვის, პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ინვესტორებისთვის და, პირველ ყოვლისა, მათთვის, ვინც სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ტურიზმს ანიჭებს უპირატესობას. კურორტოგრაფიული მონაცემების გარდა, შევეცადეთ, მკითხველისთვის გაგვეცნო თითოეული კურორტის შექმნის ისტორია, ხალხში გავრცელებული ლეგენდები და გადმოცემები სასწაულმოქმედი სამკურნალო წყაროების შესახებ, იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა ნახვა-დათვალიერება საინტერესო იქნება კურორტზე სამკურნალოდ ჩასულებისთვის. დღემდე ნაკლები ყურადღება ექცევა კურორტების ამ „გვერდით“ ფაქტორებს, არადა ავადმყოფს ჰავის, სამკურნალო ფაქტორებისა და კომფორტული საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, უთუოდ გამოადგება ინფორმაცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ატრაქციების შესახებ. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. ამას ემატება კარსტული მღვიმეები, წყალუხვი მდინარეები, ტბები, ჩანჩქერები და უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. ეს მეორეული ხასიათის ცნობები ისევე აუცილებელია, როგორც ძირითადი, რადგან სიძველეთა თუ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად ფეხით მოგზაურობა სასიამოვნო და სასარგებლო ფიზკულტურაა და ზოგჯერ დამსვენებელს წმინდა სამკურნალო მიზნითაც სჭირდება.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ინვესტორი ინტერესდება საქართველოს ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით. ვიმედოვნებთ, ჩვენი წიგნი ამ ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს და უნიკალური სარეკრეაციო ფაქტორებით მდიდარ ბევრ მივიწყებულ ადგილს შეახსენებს ან გააცნობს მათ.

თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ყველას, ვინც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის სიკეთეზე დაფიქრდება და საქართველოს რომელიმე კურორტზე გადაწყვეტს დასვენებას.

ირმა ლიპარტელიანი

თამარ ნინიკაშვილი