აღწერა
თაობები იკვლევდნენ ტაო-კლარჯეთის რეგიონს. არაერთი მეცნიერი მუშაობს დღესაც. თითქმის საუკუნე-ნახევრის შრომის შედეგად დიდძალი ინფორმაცია დაგროვდა.
ამ ინფორმაციის თავმოყრისა და ერთიან საცნობარო ლიტერატურად ქცევის დროც დადგა.
ძალზე ბევრი რამ გამოიცა ტაო-კლარჯეთის შესახებ, ძველად თუ თანამედროვე ეპოქაში, მაგრამ ძეგლთა ერთიანი კატალოგის პირველად გამოცემის ბედნიერება და პატივი ჩვენს ჯგუფს – სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრს – ერგო.
პროექტი „ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ-რუკა)“ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით, 2014-2016 წლებში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ონ-ლაინ ბაზა და გამოიცა აღნიშნული კატალოგი.
600-გვერდიანი წიგნი შემდეგი ნაწილებისაგან შედგება:
ისტორიისა და კულტურის ძეგლები (კატალოგი),
ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული ხელნაწერები და ისტორიული დოკუმენტები (კატალოგი),
ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული ისტორიული პირები (ენციკლოპედიური ლექსიკონი),
ისტორიული პუნქტები (ცნობარი – თანამედროვე ადმინისტრაციული ერთეულების, საერთო ანბანზე გაწყობილი ძველი და თანამედროვე სახელების მიხედვით),
ბიბლიოგრაფია.
ისტორიულ ძეგლთა კატალოგის სტრუქტურა ასეთია: მონასტრები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები. მონაცემები წარმოდგენილია ისტორიული პროვინციების მიხედვით:
სპერი, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა (მაჭახლის ხეობა), ლაზეთი („ზღვისპირი“), კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ჯავახეთი (ზემო ჯავახეთი), სამცხე (ფოცხოვის ხეობა).